კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და შედგა წიგნების პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გონელი არახამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია ჩანტლაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ზურაბ აბაშიძე ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია „ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“ და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც 2026 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა და საფუძველი ჩაუყარა 20-ტომიან ფუნდამენტურ კრებულს. აღნიშნული ტომი აერთიანებს ძველ ქართულ და ძველ სომხურ საისტორიო მწერლობასა და სარედაქციო წერილებსა და კომენტარებს, ხოლო მონოგრაფია მიმოიხილავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას, აგრეთვე მის არსებით წვლილს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა მისი მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის მასშტაბებს, მათ შორის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, სამართლის, ეკონომიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის პირად ჩანაწერებს, ნაშრომების შავ ვერსიებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებულ მასალებს. ასევე პირველად გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები.
გამოფენა გაიხსნა 16 აპრილს და გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით.